ხელოვნება, კულტურა და სტილი

ქეთევან ქართველიშვილი, 25

The Georgian Six
მომღერალი

მუსიკა მხოლოდ ხმით, ინსტრუმენტების გარეშე - ეს აკაპელაა. თავდაპირველად აკაპელა მარტო საგალობლებში გვხვდებოდა, თუმცა ეს ჟანრი მალე განვითარდა და მეოცე საუკუნის დასაწყისში საესტრადო სცენაზე გამოჩნდა. მას ძირითადად ოთხი ადამიანისგან შემდგარი გუნდი ასრულებდა. ხმათა ჰარმონიული გადანაწილებით იწყებოდა მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელთა ხმებით შექმნილი მუსიკალური თავგადასავალი.

თანდათანობით აკაპელამ საკუთარი ინსტრუმენტები “შექმნა”. დღეს აკაპელას შემსრულებელი ანსამბლი მსმენელს ინსტრუმენტების არარსებობას ავიწყებს და მათ ხმათა სიმფონიაში მოგზაურობას სთავაზობს.

სწორედ ამ გასაოცარი ჟანრის შემსრულებელია ქეთევან ქართველიშვილი, მომღერალ-მსახიობი. აღსანიშნავია, რომ ის პროფესიით დირიჟორია. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სადირიჟორო განხრით.

ქეთევან ქართველიშვილი არის აკაპელა ჯაზ-ანსამბლ The Georgian Six-ის სოლისტი და, ამავე დროს, სოლო-შემსრულებელი. ანსამბლთან ერთად მას მიღებული აქვს მონაწილეობა ისეთ ფესტივალებში, როგორიცაა: ავსტრიული საერთაშორისო ფესტივალი Vocal total-ი, ბუქარესტის საერთაშორისო ფესტივალი, საერთაშორისო ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” და ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი, თბილისის ბაროკოს ფესტივალი.