ვაჭრობა და ელ-კომერცია

ქეთევან ვაჩიბერიძე, 29

E-commerce Platform B2C
აღმასრულებელი დირექტორი

მსოფლიო ბაზარზე ელექტრონული ვაჭრობისა და კომერციის წილი ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს ონლაინვაჭრობიდან მიღებული თანხა გლობალურ ბაზარზე $2.86 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, 2020 წლისთვის ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი $4 ტრილიონს გადააჭარბებს, 2021 წლისთვის კი $4.88 ტრილიონს მიაღწევს.

საქართველო ნელ-ნელა უერთდება ამ მსოფლიო ტენდენციას. თუმცა 2018 წლის მონაცემების მიხედვით, ონლაინგაყიდვების წილი საერთო საცალო გაყიდვებში 1%-ზე ნაკლები იყო, ბაზარზე არსებულ ონლაინმაღაზიების რიცხვი კი დაახლოებით 600-ს უტოლდებოდა. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ქეთევან ვაჩიბერიძემ სექტორის განვითარება და კომპანია B2C.GE-ის შექმნა, რომელიც საქართველოს ბაზარზე ელ. კომერციის განვითარებას შეუწყობდა ხელს.

B2C.GE - ეს არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მეწარმეებს, მარტივად და დამოუკიდებლად შექმნან ონლაინმაღაზია. ის ეხმარება მცირე თუ საშუალო ბიზნესს, ინვესტიციის გარეშე გავიდნენ არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ ბაზარზე. პლატფორმამ მალევე მიაღწია წარმატებას და სექტორში წამყვანი პოზიციების დაკავება შეძლო. B2C. GE-ის დახმარებით, ბაზარზე 100-ზე მეტი ახალი ონლაინმაღაზია შეიქმნა.